დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის მერიის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.
ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს სურვილი, რომ დაგეგმილი პროექტები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს.
“ზოგადად თქვენი როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა, რომ თქვენი ჩართულობა უფრო მეტად ყოფილიყო შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე კვირაში წარმოადგენს ახალ კონცეფციას ახალგაზრდული მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დედაქალაქის მთავრობაც ჩაერთვება.
“დღეს, ჩვენთან ერთად იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მადლობა მას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. ყველას მადლობა მობრძანებისთვის. აქ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელსა და აშშ-ში იმყოფება. თუმცა რამდენიმე კვირაში მამუკა ბახტაძე გეგმავს, რომ ახალი კონცეფცია წარმოადგინოს ახალგაზრდული პროექტების შესახებ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენც, დედაქალაქის მთავრობაც, ამ მიმართულებით გადავერთვებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხედვა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ერთად განვახორციელოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ახალგაზრდებს შემართებისკენ და დასახული მიზნების მიღწევისკენ მოუწოდა.
“თქვენ ახალგაზრდები ხართ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოთ: ყველას გექნებათ რთული მომენტები და არასოდეს დანებდეთ. პირველ რიგში უნდა დაამარცხოთ საკუთარი შინაგანი მე, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და მერწმუნეთ, რომ აუცილებლად იქნებით წარმატებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველა პროექტში, რომელსაც ახორციელებს და გეგმავს თბილისის მერია, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულნი.
“ჩვენს უკან არის რეაბილიტირებული ხიდი, რომლის რეაბილიტაცია დავასრულეთ გასულ წელს. ეს ხიდი აკავშირებს მაღლივს და ბაგებს. წელს, აქვე ახლოს ვიწყებთ საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ამ ყველაფერში – რასაც ვაკეთებთ და რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ თბილისი იყოს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი როლი იქნება განსაკუთრებული“, განაცხადა კახა კალაძემ.
დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული მიმართულების პროექტები და პროგრამები თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.
პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სიახლეზე, Tbilisi Lab-ის პროექტზე, რომელიც თბილისში პროფესიული ლაბორატორიების შექმნას ითვალისწინებს.
“ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც თბილისის მერთან უკვე შეთანხმებულია. დედაქალაქის მასშტაბით, 10 რაიონში 10 საინტერესო სივრცე გაკეთდება, სადაც განთავსდება თემატური და კრეატიული სივრცეები ახალგაზრდებისთვის. თითოეულ ლაბს თავისი მენტორი ეყოლება. მიმართულებები იქნება: არქიტექტურა, ციფრული ტექნოლოგიები, ეკოლოგია, დიზაინი და ხელოვნება. ასევე, იფუნქციონირებს საკონსულტაციო სივრცე, რადგანაც ბევრ ახალგაზრდას სურს საზღვარგარეთ წასვლა, განათლების მიღება და ჩვენ ამ მიმართულებით კონსულტაციას გავუწევთ. აღნიშნულ ლაბორატორიებში სარეპეტიციო დარბაზები განთავსდება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სივრცე, სადაც დაუკრავენ“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
მერის მოადგილემ ისაუბრა სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებაც, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
“ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტთან მემორანდუმს დავდებთ. 100 საუკეთესო სტუდენტს ავირჩევთ და ისინი ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კი პრეზენტაციაზე უცხოელი სპეციალისტების მიერ თბილისში ლექციების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომლებიც სტუდენტებისთვის უფასო იქნება, განაცხადების მიღება კი 10 ივნისიდან დაიწყება.
სოფიო ხუნწარიამ პრეზენტაციაზე კიდევ ერთი საინტერესო პროექტი დააანონსა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქტი წარმოადგინონ.
“ჩვენ ‘ფლი მარკეტის“ ორგანიზატორებთან ვთანამშრომლობთ. მათთან და ღამის ეკონომიკის ჯგუფთან ერთად, გაჩნდა იდეა Night მარკეტის ამოქმედების. მარკეტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე განთავსდება და ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება.
“ჩვენ ყველას გვეამაყება, რომ ეს შევძელით და დიდი მადლობა ქალაქის მერს, რომელმაც აიტაცა ეს პროექტი. ყველა დიდ ევროპულ ქალაქს აქვს ახალგაზრდული ქალაქი ან ახალგაზრდული სოფელი, რომელიც მულტიფუნქციურია. ის აერთიანებს გასართობ, სპორტულ, რეკრეაციულ ზონებს და რაც მთავარია, საფესტივალო სივრცეს.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ახალგაზრდულ ცენტრებთან, ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან და მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ თბილისში ჩატარდეს მასშტაბური ახალგაზრდული შეკრებები, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ამისთვის კონკრეტული ინფრასტრუქტურა, ასევე, საფესტივალო სივრცე, ვინაიდან, თბილისი უნდა გახდეს საფესტივალო ქალაქი. კოჯორი იქნება ამ მიმართულებით ძალიან დატვირთული. ერთ მიღებაზე ის 300-ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება მწვანე კონცეფციის, ენერგოეფექტური და ხის კოტეჯებით დატვირთული“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სექტემბრიდან მერთან არსებული ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება.
„საბჭო ყველა საჭირბოროტო საკითხში და ყველა მიმართულებაში იქნება ჩართული და ჩვენ გავითვალისწინებთ მის რეკომენდაციებს და რჩევებს. აქაც პროფესიების მიხედვით იქნებიან წევრები შერჩეული, თუმცა სხვა კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა შევარჩიოთ ისინი, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. აქაც გვჭირდებიან ურბანისტები, არქიტექტორები, გამწვანების სპეციალისტები, ტრანსპორტის მიმართულებით სპეციალისტები“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
სექტემბრიდან თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს კიდევ ერთი სიახლე ელის: თბილისი ევროპის სტუდენტური ბარათის ქსელს შეუერთდება, რომლითაც სტუდენტები სხვადასხვა ობიექტში შეღავათებით და ფასდაკლებებით ისარგებლებენ.
„სექტემბერში უკვე ვუერთდებით და მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია ამასთან დაკავშირებით. ალბათ ბევრს გაქვთ სტუდენტური ბარათი და სარგებლობთ სხვადასხვა ობიექტებში ფასდაკლებით, თუმცა ჩვენ გლობალურად შევხედეთ ამ ყველაფერს და ევროპის ახალგაზრდული ბარათის მიღების შემდეგ, 36 ქვეყანაში შეძლებთ მუზეუმებში, თეატრებში, სპორტდარბაზებში, სხვადასხვა კულტურულ ობიექტებში, სავაჭრო ცენტრებში, კვების ობიექტებში და ა.შ. ფასდაკლებით ისარგებლოთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
რაც შეეხება საერთაშორისო მოხალისეობის პროგრამებს, როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდული ცენტრების აკრედიტაციის შემდეგ, თბილისს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს უცხოელი მოხალისეები და აგრეთვე ქართველი ახალგაზრდები შეძლებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებას.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ 500 000 ლარიანი გრანტი მიიღო კიდევ ერთი საერთაშორისო პროგრამის განსახორციელებლად.
“პროგრამა გულისხმობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან – ესტონეთი, შვედეთი, პოლონეთი სხვადასხვა გაცვლით სამუშაო ვიზიტებს. გარდა ამისა, თბილისს ეწვევიან პროფესიონალი ექსპერტები. მზადდება კვლევა ახალგაზრდული ცხოვრების განვითარების მიზნით და წელსვე ახალი პროგრამები დაიგეგმება. მოქალაქეები მასში მონაწილეობას უფასოდ მიიღებენ“, – აღნიშნა ირაკლი გვილავამ.
მისივე თქმით, თბილისში დაგეგმილია ევროპის სტუდენტური ორგანიზაციების ფორუმი, რომლის მიზანია, ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაციების თანამშრომლობის განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციებთან და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ღონისძიებაზე ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს, კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიების პროგრამას, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ყოველწლიურ ფესტივალებსა და სამიტებს, თბილისურ ბაზარს, ბიზნესაქსელერატორს, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების დაგეგმილ რეაბილიტაციას, სტუდენტურ და ახალგაზრდულ ფესტივალებს, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სალაშქრო ტურებს და ბანაკებს.