ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ე.წ. ფორმა ნომერ ცხრას, რომელსაც პასპორტის არმქონენი დანარჩენ საქართველოში გადმოსასვლელად იყენებენ, ვადა გაუგრძელდეს. გალელები შიშობენ, რომ ე.წ. ახალი პასპორტიზაციის პირობებში, რაც მათთვის მხოლოდ ბინადრობის მოწმობის გაცემას გულისხმობს, გადადგილება შეეზღუდებათ.
თავდაპირველად საპროტესტო აქცია სოხუმში იყო დაგეგმილი, თუმცა ის ნაბაკევში გაიმართა და მალევე დასრულდა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის თემურ ნადარაიას თხოვნით. ის აქციის მონაწილეებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
„თემურ ნადარაია ახლა რუსეთშია წასული და აქციის მონაწილეებს შემოუთვალა ყველაფერს მოვაგვარებ ოღონდ სოხუმში არ წავიდეთო. მე მგონია ალბათ აქციის წევრების დასაშოშმინებლად და დასაშლელად ისიც შემოთვალა, რომ ივლისის ბოლოდან ვეცდებით ხურჩა-ნაბაკევის პუნქტი გავხსნათო. მე პირადად ამის არ მჯერა“, – განაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების მიზნით არ სურს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ძველი პასპორტების შესაცვლელად მოსახლეობას ვადა 2018 წლის ბოლომდე მისცა. ე.წ. ვიცე-პრემიერმა ბესლან აშბამ მაისში განაცხადა, რომ პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებით ვადები უკვე აღარ შეიცვლება.
მანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო „კანონი“, რომელიც რეგიონში მცხოვრები „აფხაზეთის მოქალაქეობის არ მქონე“ პირის სამართლებრივ სტატუსს განსახზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით, დროებითი ბინადრობის მოწმობა მიენიჭება მეტწილად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ უმრავლესობას არ გააჩნია „აფხაზეთის მოქალაქეობა“ და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის არქონის მიზეზით ეკრძალებოდათ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც.
წყარო: ლაივპრესი