მასშტაბური ავტოსადგომის მოწყობაზე გამოცხადებული და ჩაშლილი პირველი ტენდერის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ განაცხადებს ელოდება. ცხრამილიონიანი პროექტის მიხედვით, პარკინგზე სულ 1 000 მანქანა დაეტევა, აქედან 200 ადგილი კი საგანგებოდ ელექტრომობილებისთვის მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის პირველი ტენდერი მაისში ჩაიშალა. კომპანიას, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა, ავტოსადგურის პროექტირებისა და მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზი დაუდგინდა, რის გამოც სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.
ხელახალ ტენდერში განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 13 ივნისია. გამარჯვებულმა კომპანიამ ავტოსადგომი თვითონვე უნდა დააპროექტოს, შემდეგ კი 4.2 ჰექტარზე მშენებლობა დაიწყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1 000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის, 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.
ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. “ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.