არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ქუთაისში დაპირებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის “ოცნების ქალაქის” მშენებლობის შესახებ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ორივე პროექტს ქალაქის ეკონომიკური განვითარების მთავარ პროექტებად ასახელებდნენ, თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაარკვია, “ოცნების ქალაქის” მშენებლობა არც დაწყებულა, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის პირველი ფაზის დასრულების ვადა კი გადაიწია.
“ოცნების ქალაქი” ქუთაისში
2016 წლის მარტში ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაანონსდა. პროექტი სასტუმროების, აკვაპარკის, სამორინეს, კინოთეატრის, გასართობი კომპლექსებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას შპს „აია ინტერტეიმენტი” გეგმავდა, ჯამური საინვესტიციო თანხა 273 კი მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „აია ინტერტეიმენტს” შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა: 2016 წლის თებერვალში კომპანიის წარმომადგენლებმა სამინისტროს საინვესტიციო პროექტის Kutaisi resorts მშენებლობის წინადადებით მიმართეს და 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება თხოვეს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი – 204 606 კვ.მ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. ეს ტერიტორია ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო გუბერნატორის მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის N 244 განკარგულებით, სახელმწიფოს გადაეცა. თუმცა, ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა, გადაცემული მიწის ნაკვეთი კი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. როგორც ქუთაისის მერიიდან გვაცნობეს, მოლაპარაკება აღნიშნული ქონების ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია 2016 წელს გაჟღერდა. აღნიშნული პროექტის ძირითად დამფინანსებლად ფონდი “ქართუ” სახელდებოდა. პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად, ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
პროექტის თანახმად, 140 ჰექტარზე გაშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი 60 000 სტუდენტზეა გათვლილი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 მილიონ დოლარს შეადგენს. მშენებლობის პირველი ფაზა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღებაც ამავე წლის სექტემბერში იგეგმებოდა.
2017 წლის ივნისში მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ა(ა)იპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი” დაარსდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია კი არაშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. თეიმურაზ მურღულიას მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ამ პოზიციაზე მუშაობისთვის ანაზღაურების სახით 16 756 ლარი მიიღო. ამჟამად მურღულია აღარ იკავებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას, თუმცა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ინარჩუნებს.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის ნოემბერში ქვაბულის გათხრის სამუშაოებით დაიწყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით არ წარიმართა და მშენებლობის დასრულების თარიღმა რამდენიმე თვით გადაიწია. როგორც ფონდი “ქართუს” პროექტების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა ინტერვიუში განაცხადა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა 2019 წლის ნაცვლად, 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.
რატომ გადაიწია პროექტი შესრულების ვადებმა და როდის დასრულდება პროექტის ყველა ფაზა? ამ კითხვებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ა(ა)იპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს” მივმართეთ. ასევე, მათგან გამოვითხოვეთ უნივერსიტეტის განვითარების გეგმის, აკადემიური და კვლევითი პროგრამების შექმნაზე ფონდ “ქართუსა” და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული შეთანხმების ასლები. განათლების სამინისტრომ ინფორმაციის მისაღებად ა(ა)იპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან” გადაგვამისამართა. აღნიშნული იურიდიული პირი კი ოფიციალურ მისამართზე არ აღმოჩნდა. ორგანიზაციასთან კომუნიკაციის დამყარება ვერც ელექტრონული საშუალებებით მოხერხდა”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.