ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტის მოსაწყობად, სადაც სტუდენტები ერთ წელიწადში უნდა მიიღონ, სამშენებლო სამუშაოები ახლა დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ფონდ “ქართუს”, რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, ჯერ კიდევ სამი თვის წინ არ ქონდა შემუშავებული არქიტექტურული პროექტის საბოლოო ვერსია.
“ქართუში” არ თვლიან, რომ სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა, მოესწრება თუ არა დათქმულ ვადაში უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.
“გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა, მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ, რადგან ეს არის ძალიან დიდი პროექტი და ამ ეტაპზე ასეთი პირობის დადება იქნება ძალიან სპონტანური. გეგმის მიხედვით, იმ დროისთვის იქ უნდა იყოს გარკვეული ინფრასტრუქტურა მოწყობილი”, – განაცხადა “ქუთაისი პოსტთან” ორი თვის წინ ფონდ “ქართუს” პროგრამების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა.
როგორია დღეს ფონდის გეგმა და მოესწრება თუ არა სამუშაოები? აღნიშნულ კითხვებზე ვახტან ცაგარელმა განგვიმარტა, რომ ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და პასუხს მომავალ კვირას მოგვაწოდებს.
ვახტანგ ცაგარელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში ამბობდა, რომ ადგილზე ერთ თვეში კამპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, იმ დროისთვის უნივერსიტეტის პროექტიც არ არსებობდა.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოს ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი “ქართუ”.