კომახიძე დაკავებულებზე: ჩემთვის მძიმე ფაქტი იყო, თუმცა, მერია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

771

წინა სტატია

გუშინ განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო, ვინაიდან კარგად ვიცნობ თითოეულ დაკავებულ პირს, – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ასევე, ეს ფაქტი მძიმეა ჩემთვის, როგორც მერისთვის, ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას მუნიციპალიტეტში, ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები მრავალწლიანი გამოცდილებით შესაბამის სფეროებში.

აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩატარდება სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რომელიც თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მუნიციპალიტეტი, მისი ყველა სამსახური და ორგანიზაცია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეუფერხებლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, – განაცხადა მერმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

კერძოდ, დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგულია 1 370 076 ლარი.

თავის მხირვ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბათუმში დაკავებული მაღალჩინოსნების ნაწილს თავდებში უდგება.

დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი უკვე წარუდგინეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაღალჩინოსნების პროცესი, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.