თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის დროს ონკანებში ტალახიანი წყალი მოედინება და მისი გამოყენება შეუძლებელია. მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სოფელში მცხოვრებლების თქმით, ხშირად დასალევ წყალს ყიდულობენ, რადგან დაბინძურებული წყლის მიღება, რომელიც ონკანებში მოედინება, შესაძლოა, მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
“ვისაც გვაქვს ფინანსები და საშუალება წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ, მაგრამ ბევრი ისეთი ოჯახია ვისაც პურის ფულიც არ აქვს, წყლის საყიდელი ფული კი მით უმეტეს არ ექნება. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ამდენი წელია ეს პრობლემაა და ვერ მოგვარდა. გვახსოვს ამბობდნენ წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდაო და გაიწმინდა სათავე ნაგებობაო, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა’’,- აცხადებენ ადგილობრივები.
სოფელ რუისპირში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ინგა პაპუნაშვილი ახადებს, რომ სოფელში წყლის პრობლემა ხშირი და დიდი წვიმების დროს იქმნება. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
“რუისპირში მაშინ იმღვრევა წყალი, როცა დიდი წვიმებია. ძირითადად ეგ ქმნის პრობლემას. ჩვეულებრივი ნალექის დროს ეს პრობლემა არ დგას. იმისთვის, რომ მოგვარდეს წყალმარაგებასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად ვმუშაობთ და ვაკეთებთ წერტილოვან რეაბილიტაციას სისტემაზე. ახლაც მიმდინარეობს სათავე ნაგებობიდან სოფლამდე ორკილომეტრიანი სისტემის რეაბილიტაცია, რაც მოსახლეობას არსებულ პრობლემებს მოუხსნის’’,– განუცხადა ინგა პაპუნაშვილმა.
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, კახეთში წყალმომარაგებისთვის 2019-2020 წლებში 47 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.