ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა. (ა) ი.პ. „სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ინიციატივით ბიბლიოთეკა დვაბზუს საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდა.
ბიბლიოთეკის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე და გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი – ნატალია ხომერიკი დაესწრნენ.
„მიხარია, რომ სოფელ დვაბზუს შეემატა ისეთი კერა, რომელიც აუცილებელია არსებობდეს ყველა სოფელში. აქ ვხედავ ბევრ ახალგაზრდას, რაც განსაკუთრებულად მახარებს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით განვაახლოთ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი და შევიძინოთ ყველა საჭირო ინვენტარი“,- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
„სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, რუსუდან მემარნიშვილმა დვაბზუს ბიბლიოთეკას თანამედროვე ქართული ლიტერატურის უახლესი გამოცემები გადასცა.