დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ბახტაძისა და თურნავას გადადგომას მოითხოვს

1110

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძისა და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს. როგორც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, მას პარლამენტში ხვალ პრემიერთან ერთი კითხვა ექნება, როდის აპირებს გადადგომას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“მექნება ერთი კითხვა, როდის აპირებს გადადგომას. ამ ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც საკუთარი თავი მოსწონს და ვერ მორჩა თვითტკბობას“, – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. როგორც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ნათია თურნავა კორუმპირებული მინისტრია, რომელიც გარკვეულმა ბიზნესკლანმა დანიშნა თანამდებობაზე.

“თურნავა თავისი წარსულით არის კორუმპირებული და როცა ის მობრძანდება პარლამენტში, მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ის არის კონკრეტული ბიზნესჯგუფის მიერ დასმული მინისტრი, რომელიც ასრულებს მათ დავალებებს“, – აღნიშნავს ლევან გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ, 31 მაისს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიდის.