„შერჩევითი რეორგანიზაცია“ ახალციხის ციხეზე

666

„ახალციხის ციხეზე“ 14 თანამშრომელს 200–ლარამდე ხელფასი დააკლეს, მხოლოდ ერთს კი 70 ლარი დაუმატეს. ვის შეეხო რეორგანიზაცია ქალაქის მთავარ ტურისტულ ობიექტზე.

„ახალციხის ციხეზე“ დღეს, 20 ივნისს დილიდან რეორგანიზაცია დაიწყო. ყველა თანამშრომელის გათავისუფლების ბრძანება დაიწერა და ამ დრომდე მათი ხელახლა დანიშვნის შესახებ დოკუმენტები ფორმდება.

„ეფექტური მმართველობისთვის აუცილებელი იყო რეორგანიზაციის განხორციელება, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი სტრუქტურული ერთეულები ჩამოვაყალიბეთ და სახელფასო განაკვეთები შესაბამისობაში მოვიყვანეთ“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

რეორგანიზაციის შედეგად ციხეზე მოქმედი ექვსი სამსახურიდან ექვსივე დარჩა, თუმცა სამი სამსახურის სტრუქტურა შეიცვალა. როგორც თამარაშვილი გვიხსნის, აქამდე იყო მეტერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სასმახური, ელექტრო მეურნეობის სამსახური და მარეგულირებელი სამსახური, ახლა კი ეს სამსახურები ასე ჩემოყალიბდა: დასუფთავების, გამწვანებისა და წყალმომარაგების სასმახური, სამეურნეო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.

თამარაშვილის განცხადებით, რეორგანიზაციისას თანამშრომლების არც შემცირება და არც დამატება მომხდარა, მხოლოდ შიგნით მათი გადაადგილება და ფუნქციების ხელახლა განსაზღვრა გახდა საჭირო. ციხეზე დასაქმებულების ნაწილს უფლება–მოვალეობები გაეზარდა კიდეც. მაგალითად, აქამდე არსებულ ელექტრო მეურნეობის სამსახურს სხვა სამსახურიდან გადმოყვანილი სამი თანამშრომელი დაემატა.

„ახლადჩამოყალიბებული სამეურნეო სამსახური ახლა არა მხოლოდ ელექტრო მომარაგებაზე და გათბობა–გაგრილებაზე იმუშავებს, არამედ ციხეზე ყოველდღიურად არსებული მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებაც დაევალებათ. ეს აქამდე ასე არ იყო, სარემონტო სამუშაოებს ციხის თანამშრომლები არ ასრულებდნენ, არადა არ შეიძლება ყველაფრის გაკეთება მერიას სთხოვო, როცა ამის რესურსი შენც გაქვს“, – ამბობს თამარაშვილი.
შეკითხვაზე, საქმის მატებასთან ერთად თუ გიზარდა ამ თანამშრომლების ხელფასებიც, თამარაშვილი გვპასუხობს, რომ – არა.

რეორგანიზაციის შედეგად „ახალციხის ციხეზე“ დასაქმებული 80 თანამშრომლიდან (71 შტატითა, დანარჩენი ხელშეკრულებით) რეორგანიზაცია მხოლოდ 15–ს შეეხო. აქედან 14 თანამშრომელს 100 ან 200 ლარი ხელფასი დააკლდა. მხოლოდ ერთს ელექტრიკოსს კი 80 ლარი დაემატა. დღეიდან იგი 420 ლარის ნაცვლად ხელფასს 500 ლარს მიიღებს.

„თუ რეორგანიზაციაა ის ყველა თანამშრომლეზე უნდა ვრცელდებოდეს, ასეთი რეორგანიზაცია არ მესიმის“, – აცხადებს ახალციხის ციხის საქმის მმართველი მაია მამულაშვილი, რომლის სტატუსიც უცვლელი დარჩა, თუმცა ხელფასი 200 ლარით დააკლეს.
უსამართლო მიაჩნია ხელფასების ასე გადანაწილება ახალშექმნილი სამეურნეო სამსახურის უფროსს გელა ბლუაშვილს: „საქმე დამემატა და ხელფასი 100 ლარი დამაკლდა. არაა ეს სწორი“.

ყოფილი მატერიალურ–ტექნიკური სამსახურის უფროსი ილია სიდამონიძე, რომელიც ზაზა თამარაშვილის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ამბობს რომ ეს რეალურად შერჩევითი რეორგანიზაციაა, რადგან მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს შეეხო და არა ყველას.

„თათბირზეც ვთქვი, რომ თანახმა ვარ ჩამომაკლდეს 200 ლარი თუ სხვა თანამშრომლებს დაემატებათ, 280 ლარს იღებენ მეეზოვეები, გამთენიას უკვე სამსახურში არიან და არცერთი თეთრი არ დაუმატეს. ეს უსინდისობაა!“ – აცხადებს სიდამონიძე.

მისი თქმით, ხელფასები მხოლოდ მათ ჩამოაკლეს, ვინც არ მოსწონდათ: „ეს უფრო პირადი დამოკიდებულებებია ვიდრე რეორგანიზაცია. ვინც არ მოსწონდათ ადმინისტრაციაში, ან მერიაში იმათ ჩამოაკლეს ხელფასები. ჯერ პირობა წამომიყენა იანვარში ზაზამ სამსახური დატოვეო, ვინ დაავალა არ ვიცი, რომ არაფერი გამოუვიდა, მერე ეს რეორგანიზაცია მოიფიქრა ალბათ“.

რა იყო მისი სამსახურიდან გათავისულფების მცდელობის მიზეზი, ამბობს რომ არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ახალდანიშნულ დირექტორთან უთანხმოება არა ერთხელ მოუვდა: „ამის მიზეზი ციხის მოვლა–პატრონობის საკითხები იყო. არ მიყვარს არაკანონიერი არაფერი, ამიტომ ზოგიერთი ისეთი რაღაცის ყიდვაზე მოგვდიოდა შელაპარაკება, რაც საჭირო არ იყო“.

იგი როგორც ციხის ყოფილი მენეჯერი აცხადებს, რომ შეცვლილი სრუქტურით ციხის გამართულად მუშაობა გართულდება: „წყლის საკითხებში ახლაც არ გვყავს თანამშრომელი, ბასეინები დაბინძურებულია, წმენდას ვერ ავუდივართ, ამ დროს რა სამსახური რასთან შეაერთეს გაუგებარია. სპეციალისტის ხელფასი კიდევ მუშას გაუთანაბრეს, ვერ გაარკვევ პასუხისმგებელი ვინაა“.

ციხის დირექტორი კი ირწმუნება, რომ ხელფასების გათანაბრება სამართლიანია: „ისინი ვინც იყვნენ მთავარი სპეცილაისტები, უფროსი სპეციალისტები და ა.შ. პრაქტიკულად ასრულებდნენ ერთი და იგივე მოვალეობას, რასაც სპეციალისტის მოვლეობა ჰქვია. ამიტომ ყველას სპეციალისტი ეწოდა და ხელფასი 500 ლარი გაუხდა“.

თამარაშვილის თქმით, გათანაბრდა სამსახურების უფროსების ხელფასებიც: „ზოგი სამსახურის უფროსს 800 ლარი ჰქონდა, ზოგისას 1000 და 900. მიგვაჩნია, რომ ყველა სამსახურის უფროსს ერთნაირი ხელასი, 800 ლარი უნდა ჰქონდეს“.

გათანაბრების საჭიროებას ზაზა თამარაშვილი ასე ხსნის: „ამ ხელფასების შესაბამისობაში მოყვანა მოხდა მერიის ხელფასებთან. ციხე მერიას დაქვემდებარებული ააიპ–ია. შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე რანგის თანამშრომლებს მერიასა და ააიპ–ში ერთნაირი ანაზღაურება არ ჰქონდეთ. ხელფასების ასე გათანაბრება კი სამართლიანი მიდგომაა“.

შეკითხვაზე, როცა წინა დღეს სამუშაო საათების რაოდენობას ზრდი, მეორე დღეს კი რეორგანიზაციის მიზეზით თანამშრომლებს ხელფასებს აკლებ, ეს რამდენად სამართლიანია, თამარაშვილი გვპასუხობს: „ტურისტულ ობიექტზე არასდროს იცი წინასწარ შემოსავალი რა გექნება.
ამოტომ უნდა გქონდეს საშუალო დონის ხელფასი და თუ ბვრი ტურისტი გეყოლება პრემიებით თანამშრომლები მერე წაახალისო და დატვირთვა მათ შრომით ანაზღაურებაზე ასახო. ამ დატვირთვის გამო ბიუჯეტიდან მათთვის დანამატები გაიწერება“.

მომავალი დანამატების მიღების მოლოდინით, ციხის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ხელფასები დააკლდათ მიმდინარე რეორგანიზაცია არ მოსწონთ. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველამ ახლადდანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერეს.

„რომ გაასაჩივრო მოიგებ, მაგრამ ამას დრო სჭირდება, მაშინ სამსახურიდან უნდა წახვიდე. არადა ხელფასები ისე „გაათანაბრეს“, რომ არავის ფუქნცია–მოვალეობებში არ ჩაუხედავთ“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ იურისტი მარინა გოგოლაძე, რომელსაც ხელფასიდან 200 ლარი დააკლდა.

გასაჩივრებაზე არც ილია სიდამონიძე საუბრობს, რადგან ამბობს რომ ყველა თანამშრომლისთვის ის რასაც აიღებს ძალიან მნიშვნელოვანია: „ჯერ ხელი არ მომიწერია, მაგრამ რომც მოვაწერო სასამართლოში საქმის წაღებაში ეს ხელს არ შემიშლის. ყველაფერს რომ თავი დაანებო ისიც არ მესმის ამ შუა სეზონზე რა დროს რეირგანიზაცია იყო, ეს წლის დასაწყისში ან ბოლოს რომ გაეკეთებინათ ხომ შეიძლებოდა?!“.

„ახალციხის ციხის“ რეორგანიზაციის პროექტის ავტორი ზაზა თამარაშვილია, მან პროექტი ახალციხის მერს ვლადიმერ ზედგინიძეს წარუდგინა: „მერმა საკრებულოს გააცნო, დეპუტატების უმრავლესობამ მოიწონა და განხორციელება დამევალა. ჩვენი მიზანი იყო, რომ სამუშაო პროცესის წყვეტა არ ყოფილიყო და არც ხელფასები არ დაგვიანებულიყო, ეს ასეც ხდება. გარდა ამისა რეორგანიზაციისას სამი დამლაგებელი, რომელიც წლების განმავლობში ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი, ახლა შტატში ჩავსვით“.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე