დუშეთსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ პრიენას შორის მემორანდუმი გაფორმდა

784

დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ პრიენაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში.

დუშეთის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და პრიენაის მუნიციპალიტეტის მერი ალვიდას ვაიცეკაუსკასი. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მართვის პრაქტიკის, დაგეგმილი პროექტების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

“ვიზიტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია პოლონეთის, ბელარუსის და ლატვიის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო პრიენაის ტრადიციულ საზაფხულო ფესტივალს. დელეგაციამ ასევე დაათვალიერა ადგილობრივი ტურისტული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები აღნიშნულ მუნიციპალიტეტში. პრიენაის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეორე რაიონული თვითმმართველობაა, რომელთანაც დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა“, – ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.