NDI-ის კვლევის შედეგებით, საზოგადოების ყველაზე მეტად პოლარიზებას პოლიტიკოსები და რუსეთი ახდენენ

654

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოების ყველაზე მეტად პოლარიზებას პოლიტიკოსები და რუსეთი ახდენენ. რაც შეეხება დაახლოებას, კვლევის თანახმად, მოსახლეობას ერთმანეთთან ყველაზე მეტად რელიგიის ფაქტორი აახლოებს.

გამოკითხული მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ რელიგიის ფაქტორი ადამიანებს აერთიანებთ; 29% კი თვლის, რომ პირიქით, ჰყოფს. გამოკითხულთა ყველაზე მაღალი პროცენტი 81%-ი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პოლარიზებას პოლიტიკოსები უწყობენ ხელს.

73% მიიჩნევს, რომ რუსეთი ჰყოფს საზოგადოებას, ამავე კვლევით გამოკითხულთა 9% თვლის, რომ რუსეთის ფაქტორი საზოგადოებას აერთიანებს. გამოკითხულთა ასევე 73% მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა ახდენს საზოგადოების პოლარიზაციას. მაღალია ასევე იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ საზოგადოების გაყოფას ხელს ქართული მედია უწყობს და მათი პროცენტული მაჩვენებელი 72-ს შეადგენს.

გამოკითხულთა 46%-ი თვლის, რომ ევროკავშირის საკითხი საზოგადოებას აერთიანებს, 31%-ი კი ფიქრობს, რომ ყოფს. რაც შეეხება ნატო-ს საკითხს, გამოკითხულთა 31%-ი მიიჩნევს, რომ ნატო ჰყოფს, ხოლო 45%-ი მიიჩნევს, რომ აერთიანებს.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.