ბათუმის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის განხორციელება დაიწყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება.
“პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენს. მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი ბიუჯეტის წილი ეტაპობრივად გაიზრდება. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია გადაწყვიტოს, რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა. მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით. საბჭო იდეებს 10-დან 15 ივნისის ჩათვლით შეარჩევს, ხოლო შერჩეული პროექტებისთვის კი ხმის მიცემა 15-დან 30 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული.
საპროექტო განაცხადების დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად, ქ. ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონულ პლატფორმაზე www.idea.batumi.ge ან მერიის სერვისცენტრებში”, – განმარტავენ ბათუმის მერიაში.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.