როგორც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)” თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
მისი თქით, კენჭისყრის პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში.
“რამდენიმე საარჩევნო უბანზე ან მათ მიმდებარედ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები, რასაც რიგ შემთხვევებში თან ახლდა არეულობა უბნებზე და ასევე, ხმის მიცემის პროცესის შეფერხება.
ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე კი ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან ზეწოლასა და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე.
ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა უბნებზე, ასევე, დააფიქსირეს ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო აგიტაციის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები”, – განაცხადა ბენიძემ.
ორგანიზაციის შეფასებით, გამორჩეულად პრობლემატური, მარნეულის N68 და N84 საარჩევნო უბნები იყო. სადაც დაფიქსირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
ამ დროისთვის, “სამართლიანი არჩევნების“ მიერ საუბნო კომისიებში წარდგენილია 46, ხოლო საოლქო კომისიებში 38 საჩივარი.
ბენიძის განცხადებით, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია დილით გამოაქვეყნებს.
საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-ის გარდა ყველა ოლქში მმართველი პარტია იგებს.