ჭიათურაში არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “ძველი ქალაქი” ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რადიოს სამხარაძემ განუცხადა, ამ დროისათვის არცერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა.
“არანაირი დარღვევა არ არის და საჩივარი არ დაწერილა. არის კითხვები ხანდახან და ჩვეულებრივად ვპასუხობთ. 12 საათისათვის უბნებზე 7 ათას 542 ამომრჩეველია მისული, რაც 17,59 პროცენტს შეადგენს”- განაცხადა მამუკა სამხარაძემ.
ჭიათურაში ჯამში 42 ათას 894 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, დღეს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.