ბიძინა ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია

661

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა, დიდი ალბათობით, პირველ ტურში გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვონ”,- განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.