ხვალ მარნეულში ველით დაძაბულობას, – ამის შესახებ საერთო სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველო” თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანმა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში მიმდინარე პროცესებს შეეხო. სტეპანიანისთვის გაუგებარია, რატომ არის მარნეულში რამდენიმე ათასი დამკვირვებელი რეგისტრირებული.
„დღეს შეხვედრაზე თავისთავად ყველა საარჩევნო ოლქზე იყო საუბარი, თუმცა, განსაკუთრებით განვიხილეთ პროცესები, რომელიც ზუგდიდსა და მარნეულში მიმდინარეობს. ხვალ მარნეულის ოლქში დავაკვირდებით არჩევნებს. ჯერჯერობით ისეთი ინციდენტი არ ყოფილა, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა თვითონ პროცესს, თუმცა, ხვალ ველით დაძაბულობას. სულ ცოტა, ის არის გაუგებარი ჩვენთვის, რომ რამდენიმე ათასი დამკვირვებელია მარნეულში რეგისტრირებული. რთულია, როცა შედიხარ უბანზე და ათობით დამკვირვებელს ხედავ, რომლებმაც ისიც კი არ იციან, როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს და ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ პარტიებს. მახსოვს, რომ წინა არჩევნებზე ინციდეტები ზუსტად ამ ადამიანების გამო იყო. ვფიქრობ, ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას, რადგან როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდებათ ამ ორ ოლქში მუშაობა,”- განაცხადა არნოლდ სტეპანიანმა.