თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავროის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი ვაგონი დაემატება. მისი თქმით, მერია ვაგონებს 40 მილიონ ევროდ, ავსტრიული კომპანიისგან შეისყიდის.
როგორც თბილისის მერმა თქვა, მეტროს არსებული ვაგონები 1975 წელსაა გამოშვებული და რამდენიმე წელში ექსპლუატაციის ვადა გასდის.
“სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს არ შემიძლია, არ შევეხო მეტროში არსებულ მდგომარეობას. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისთვის, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება, თუმცა “მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე.
ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოგვიმზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა. ამ თემაზე პირადად მქონდა საუბარი პრემიერმინისტრთან და თბილისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის”,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვას 40 მილიონი ევრო მოხმარდება.
რაც შეეხება მეტროსადგურების რეაბილიტაციას, თბილსის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც პროექტირება განხორციელდება.
“დროში ცოტა გახანგრძლივდა პროცესი, თუმცა რომ არ მივიღოთ ვარკეთილის მეტროს შემთხვევა, სადაც ადგილი ჰქონდა კვლევების გარეშე დაპროექტებას, ამიტომ მივიღეთ შედეგი, რომ ახლადრეაბილიტირებული მეტროსადგური ჩამოიშალა. შესაბამისად, ჩვენს მიერ ხდება თანმიმდევრულად სწორად მოქმედება, სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა, ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოების განხორციელება. თითოეულ ეტაპზე მოხდება ექსპერტიზის ჩატარება. დისკომფორტი დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დროს არ შეიძლება შეცდომების დაშვება და მივყვებით როგორც წესი და თანმიმდევრობა ითვალისწინებს”,- განაცხადა ხმალაძემ.