მეტროსადგურ “ვარკეთილის”, სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა და 11 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია 4 თვის წინ – 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ობიექტი ჩაიბარა.
დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული იმდროინდელი ინფორმაციის თანახმად, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
“მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება ითვალისწინებს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და ინტერიერის განახლებას, რაც მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში უკვე განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო ‘’ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა”, – ნათქვამი იყო მერიის მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე კომპანიამ ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროსადგურ “ახმეტელში”. დედაქალაქის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეამოწმებენ ამ მეტროსადგურსაც. მისი თქმით, კომპანიამ მეტროსადგურ “ვარკეთილის” სამუშაოები, სავარაუდოდ, უხარისხოდ ჩაატარა.
დღევანდელ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადანაწილდნენ. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს. თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს“.