თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რაც მეტრო აშენდა მეტროში ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა და აგრეგატები არ მოუწესრიგებიათ. მისი თქმით, ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო.
“მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა. მხედველობაში მაქვს, ძალოვანი კაბელები და სავენტილაციო სისტემა. ეს ყველაფერი რაც მეტრო აშენდა მას შემდეგ არ შეცვლილა. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ამ სამუშაოების განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო. 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელები ჩანაცვლდება, ასევე მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილაციის აგრეგატების დამონტაჟება. სამუშაოები ივლისის დასაწყისში დაიწყება და 2020 წლის ივნისში მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.