თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ “300 არაგველში“ შექმნილ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტროს ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, მერია ახალი ვაგონების დამატებას გეგმავს.
“ვაგონები დაძველებულია. შემთხვევითი არ არის ის, რომ დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია. გასულ წელს ძველები ახალი ვაგონებით ჩანაცვლდა. წელსაც, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ვაპირებთ ახალი ვაგონების შემოყვანას, რეაბილიტაციას. ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ და მთლიანად განახლდება ვენტილაციის სისტემა. ასევე იქნება ახალი ელექტროგაყვანილობა. დაახლოებით, 70 მლნ დაიხარჯება 2018-2019 წლებში ამ მიმართულებით.
პიკის საათებში გვაქვს პრობლემა. დაახლოებით, 3 -3,5 წუთი უწევთ მგზავრებს ლოდინი, რაც ცუდია. ამოცანა ისაა, რომ ამ ახალი შემადგენლობების დამატებით პიკის საათებში 2,5 წუთი იყოს მოცდის დრო, როგორც ყველა განვითარებულ ევროპულ ქალაქშია,” – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით, პირველი საათისათვის მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს მოძრავი შემადგენლობა მგზავრებისგან დაცალეს.