კახეთის რეგიონში “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს “პალდოველი 2014-სა“ და “კვეტერას“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90 %-იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “პალდოველი 2014“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში საქმიანობს, მასში 25 ადგილობრივია გაერთიანებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კვეტერა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძებშია რეგისტრირებული და 20 მეპაიეს აერთიანებს. ჯამში კოოპერატივებში მობილიზებული ფურების რაოდენობა 414 ფურს შეადგენს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოოპერატივ “პალდოველი 2014-ს“ 442 ჰა, ხოლო კოოპერატივ “კვეტერას“ 309 ჰა სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთში 5 კოოპერატივს ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადასცეს.