ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 23 მისამართზე მიმდინარეობს. აქედან სამ მისამართზე კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება.
ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N12-ში ხორციელდება, სადაც 235 გრძივ მეტრზე წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება. ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა.
“აქტიურად ვაგრძელებთ ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას. კორპუსების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. კონკრეტულად ამ მისამართზე 72 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ არსებული პრობლემები მოუგვარდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გურამიშვილის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.
გურამიშვილის გამზირის N12-ში წყალარინების ქსელის შეცვლისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 70 000 ლარს დახარჯავს.