გლდანის მე-5 მიკრორაიონში სკვერის მოწყობას ნახევარ მილიონამდე ლარი მოხმარდება

1491

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17 და N24 კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა იწყება. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 496 842 ლარია გათვალისწინებული.

“ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარეგანათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი, მოეწყობა ტენისის მაგიდები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა”, – განმარტავენ გლდანის გამგეობაში.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს “ჯეო პარკი” აწარმოებს.