ახალქალაქის მერიას ჭავჭავაძის ქუჩაზე ხუთი თვის წინ დადგმული მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟი მოუწევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ შვიდ მაისს გამოიტანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიის ეკონომიკის სამსახურის გადაწყვეტილებით გასული წლის დეკემბერში დადგეს. ეს კი ამავე ქუჩაზე მდებარე კომერციული ობიექტების მეპატრონეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე საგზაო ნიშანი უკანონოდ დადგა და მის დემონტაჟს ითხოვდნენ, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი კი ირწმუნებოდა, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო და ამკრძალავი საგზაო ნიშანი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე დაამონტაჟდა.
ამ ქუჩაზე ერთ–ერთმა მცხოვრებმა მიხეილ ღრმაჯიანმა, რომელსაც აქ ტოტალიზატორი აქვს, ახალქალაქის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის მარტში შეიტანა და საგზაო ნიშნის დემონტაჟი მოითხოვა. სასამართლომ მას სარჩელი დაუკმაყოფილა და მერიას ამკრძალავი საგზაო ნიშნის დმეონტაჟი დაავალა.
“ნიშანს მოხსნიან, ასევე, ნაწილობრივ დაგვიბრუნებენ საადვოკატო მომსახურების თანხასაც, რაც ჩვენ გავწიეთ. ეს ცოტა გაუგებარია ჩვენთვის. საგზაო ნიშნის უკანონოდ დადგმის საკითხის გარკვევა სასამართლოს ძალით მოგვიწია, მე რატომ უნდა დამეხარჯა მერიის ტყუილების გამო ფული?! ამიტომ, შესაძლოა, ეს ნაწილი გავასაჩივროთ“, – ამბობენ ღრმაჯიანები.
გაასაჩივრებს თუ არა ახალქალაქის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.
“გადაწყვეტილება რომ ჩაგვბარდება შემდეგ ვიმსჯელებთ, უნდა წავიკითხოთ რა წერია გადაწყვეტილებაში რის საფუძველზე მოითხოვეს დემონტაჟი, თუ დავრწმუნდებით, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, აღარ გავასაჩივრებთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.