საბურთალოს რაიონში, გოდერძი ჩოხელის I და II ჩიხში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 85 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის, I ჩიხში ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დასრულდა, ხოლო II ჩიხში გზის საფუძველი მზადდება. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 2 050 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. წვიმიან ამინდში შეუძლებელი იყო გადაადგილება. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, -განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
გზის რეაბილიტაციას კომპანია “ცეკური“ აწარმოებს.