ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო

1336

წინა სტატია

ახალქალაქში ბანერებზე შეცდომით დაწერილი სოფლების დასახელებების საქმეში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დავალებით ჩაერთო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე უწყებასთან ერთად მუშაობენ. მათი თქმით, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ენის პალატას და პუბლიცისტ კუკური მეტრეველს სთხოვეს.

აბრებზე შეცდომით დაწერილი სოფლების დასახელებების საკითხის შესწავლა უკვე დაასრულა და მასალებს უახლოეს დღეებში სამხარეო ადმინისტრაციას გადასცემენ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ მონაცემებში სოფლების, დაბებისა და ქალაქების სახელები იმის მიხედვით აისახება, რასაც მუნიციპალიტეტის მერია, ან მათი წარმომადგენლები მიაწვდიან.

“კონკრეტული მუნიციპალიტეტების შესახებ, რეესტრში მონაცემები ასახულია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლების მომართვის საფუძველზე. თუ სახელები შეცდომითაა დატანილი, უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში რეესტრში ცვლილებას შვიდ დღეში ავსახავთ“, – განმარტავენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ახალქალაქის ყოფილი გამგებელი (2013–2017) ედუარდ აღასარიანი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში სოფლებისთვის დასახელებები არ შეუცვლიათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს მოქმედ მერს იური უნანიანსაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მას შემდეგ რაც შესწავლა დასრულდება და საჯარო რეესტრშიც აისახება სოფლების შესწორებული დასახელებები, ბანერების შესაცვლელად სამუშაოებს თავად განახორციელებენ:

“რომელ ადგილსაც ჩათვლიან საჭიროდ, იმ ადგილზე შევცვლით. ჩვენი სამსახურები უზრუნველყოფენ დემონტაჟს და ახლის დადმას“, – ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ათობით სოფლის აბრაზე სოფლის დასახელებები შეცდომით წერია.