ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

980

ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. სააპელაციო სასამართლომ მერიისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თამარ მინაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო.

ამის სესახებ თამარ მინაძის ადვოკატი პაატა შავაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“პირველი ნოვაციური წარმატებული ნაბიჯი! შევქმენით პრეცედენტი, დავნერგეთ ახალი პრაქტიკა! ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, თავისი 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება და ჩვენი კერძო საჩივარი დააკმაყოფილა: სადაო საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეაჩერა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის #კ 784 (18/03/2019) ბრძანება -ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტრული ერთეულის, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თამარ მინაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მადლობა ბატონ მურთაზ მეშველიანს!!

უბედნიერესები ვართ მეც და ჩემი მარწმუნებელიც! თამო გილოცავ! ჩვენ გავიმარჯვეთ! საბოლოო გამარჯვებამდეც ცოტა გვიკლია! მეგობრებო ადამიანი სამუშაოდან დაითხოვა ქუთაისის მერმა, იმის გამო, რომ სამუშაოზე დაიგვიანა 20 წუთი.“, –წერს პაატა შავაძე.

თამარ მინაძის განცხადებით, ის, რომ სააპელაციო სასამართლომ მერიას გადაწყვეტილება შეუჩერა, საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

“საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. სააპელაციო სასამართლომ მერიას უკანონო განცხადება შეუჩერა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ, ასევე უკანონოდ ცნო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მე ვითვლები უკანონოდ გათავისუფლებულად და შემიძლია, თანამდებობაზე დავბრუნდე. ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება და მერიამ ამით ადამიანების თვალში რეპუტაცია დაკარგა. მე მებრძოდენ ერთი წელი და საავადმყოფო ფურცელზე მყოფი, 15 წუთიანი დაგვიანების მოტივით გამომიშვეს. მე ვაგრძელებ ბრძოლას, სასამართლოში და პროკურატურაში და სიმართლეს დავამტკიცებ”, –განაცხადა თამარ მინაძემ გამოცემა”ნიუპრესთან“.

მისი თქმით, ის სამსახურდან 18 მარტს, მირქმის დღესასწაულზე გაუშვეს. მან ასევე განმარტა, რომ მის სამსახურიდან გაშვებას საბინაო სამსახურის გაუქმებით აპირებდნენ და რადგან ეს არ გამოუვიდათ, აღნიშნული მიზეზით გაათავისუფლეს.

თამარ მინაძის თქმით, ამ თემაზე უახლოეს დღებში ბრიფინგს გამართავენ.