სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სამოქმედო ტერიტორიებზე ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების ხელშესაწყობად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში და შიდა ქართლში ტურიზმის პოპულარიზაციას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ტურისტების ინფორმირებას რეგიონების ღირსშესანიშნავი ისტორიულ-კულტურული ობიექტების შესახებ, მოაწყობენ ერთობლივ ტურებს და ექსკურსიებს, ერთად იმსჯელებენ ტურიზმის სფეროში არსებული ინოვაციების რეგიონში დანერგვის გზებზე.
მემორანდუმი, ასევე, რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტებისა და ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.