ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ასფალტის საფარის ქვეშ უძველესი მოზაიკა აღმოაჩინეს. ის გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ფრაგმენტულადაა შენარჩუნებული, თუმცა თითქმის ხელუხლებელია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზიაკა, შესაძლოა, ას წელზე მეტი ხნის იყოს. წლების განმავლობაში ქუჩაზე რამდენიმე ფენა ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო, ამიტომ, მისი არსებობა აღარავის ახსოვდა.
ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უძველესი მოზაიკა ამავე ქუჩაზე მდებარე მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებმა შეამჩნიეს.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოზაიკა ფრაგმენტულია, ამიტომ ამის შესახებ ოფიციალურად არავისთვის უცნობებიათ.
“ვინც აკეთებს გზას, ისინიც გაოცებულები იყვნენ. ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტულადაა, დაახლოებით, 5 მეტრიანი მონაკვეთები. ეს რომ მთელ ქუჩაზე იყო უწყვეტად, კიდევ შეიძლებოდა მის შენარჩუნებაზე ფიქრი. როგორც აქ ამბობენ, ასი წლის წინანდელი მაინც იქნებაო. ეს მოზაიკა რომ დაიგო, მაშინ, ალბათ, ათ სახლზე მეტი არ იქნებოდა ამ ქუჩაზე. მას შემდეგ ბევრჯერ დაიგო ახალი გზა, ხალხმა თავიანთ ეზოებში შესასვვლელები გააკეთეს და რა თქმა უნდა დაზიანდა, თუმცა, ის რაც გამოჩნდა, თითქმის ხელუხლებელია”, -ამბობს მურად ჯიშკარიანი.