ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

1037
თბილისი

წინა სტატია

სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნული კამპანიის პრეზენტაციისას განაცხადა, მისი მიზანი საზოგადოების წევრების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა, რათა საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევა რეალურად შეფასდეს.

“ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კამპანიის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის მძაფრი კრიტიკისთვის, ასევე ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლაც კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ ობიექტურ რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, ასევე, კამპანიის ფარგლებში, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები.