შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ სოფელ აწყვიტას ხიდს რეაბილიტაცია უტარდება

1188

წინა სტატია

აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ასრულებს. ხიდის აღსადგენად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 76 707 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები ავარიულ ხიდის ქვედა ნაწილში მიმდინარეობს. როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორი ავთანდილ კაჭკაჭაშვილი ამბობს, ბურჯები უკვე ჩაასხეს და შველერებს ამონტაჟებენ: “ამის დასრულდების შემდეგ ხიდზე ავყრით ხემასლას და ახალს დავაგებთ. ვიდრე მოვრჩებით, ხიდი ისევ ჩაკეტილი იქნება“.

კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა 90 დღე აქვს და კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივნისამდე უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აწყვიტაში, ახლადრეაბილიტირებული ხიდი, 2018 წლის 16 სექტემბერს ჩაინგრა, რა დროსაც ხიდზე ერთ–ერთი ადგილობრივი მიკროავტობუსით გადადიოდა. მას შემდეგ მერიამ ხიდი დაკეტა.

აწყვიტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს განხორციელდა. ასპინძის მერიაში აცხადებდნენ, რომ ხიდი მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვის იყო გათვლილი და მისი ჩანგრევა მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობამ გამოიწვია.

ამავე ხიდს კაპიტალური რემონტი 2015 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩაუტარდა.