აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყობა

814

აჭარაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება. ნარჩენების მართვის პროექტი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას ითვალისწინებს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ გამოიყოფა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მშენებლობის პარალელურად ნარჩენების მართვის ობიექტის ექსპლოატაციისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების დანადგარ-მოწყობილობებ შეიძენენ და ნაგავსაყრელი პოლიგონის საავტომობილო გზიდან ავტობანზე ასასვლელ და ჩამოსასვლელ გზებს ააშენებენ.

‘მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული პოლიგონი, პირველი თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი პირობების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

პროექტის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა.

ოფიციალურ ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას რეგიონის განვითარებისთვის.

“ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვა მოხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს პროექტი, ეკოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისით, გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის. შემცირდება ეკოლოგიური რისკები და მყარი ნარჩენების მართვა განხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გვქონდეს 10 წლით შეჩერებული პროექტები. გვჭირდება ეფექტურობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.