ხაშურში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

1223

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების მუნიციპალური ბიუჯეტიდან 820 418 ლარით ფინანსდება და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.

როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, პროექტი დარბაზის სრულ რეაბილიტაციას, ახალი სცენის, სკამების, განათებისა და გახმოვანების სისტემების მოწყობას და ინტერიერის მთლიანად შეცვლას ითვალისწინებს.

“მოგეხსენებათ, აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. ჩვენმა გუნდმა კულტურის სახლის გარემონტება და განახლება მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რათა მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრება ლამაზ და კომფორტულ გარემოში გაგრძელდეს,“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, შენობის კარ-ფანჯარა, შესასვლელი და ჭერი გამოცვალეს, ასევე, დამუშავდა და შეიღება კედლები, მოპირკეთდა კიბის საფეხურები და მოეწყო გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები და განათების სისტემები.

მეორე ეტაპის მსგავსად, პროექტის პირველი ეტაპიც მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოების ღირებულებამ 214 999 ლარი შეადგინა.

საერთო ჯამში კი, კულტურის სახლის რეაბილიტაციას 1 035 417 ლარი მოხმარდება.