სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი ცენტრი აშენდება

709

2019–2020 წლებში, სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები აშენდება. რეგიონის მასშტაბით, ყველა მოქმედ ამბულატორიას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ორი წლის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები ასპინძაში, ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აშენდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყველა მოქმედ ამბულატორიას. იგეგმება ახალი ამბულატორიების აშენებაც, თუმცა რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი შენობა აშენდება ამ ეტაპზე უცნობია.

“საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ, ჯერ არ არის ცნობილი რამდენ ახალ ამბულატორიას ააშენებენ, სამუშაო პროცესია”, – განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში.

სასწრაფო დახმარების ობიექტებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო 20 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ორი წლის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 360-ზე მეტი სამედიცინო ობიექტი აშენდება და გარემონტდება.

შეგახსენებთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უკვე აშენდა ახალციხესა და ბორჯომში.