დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც ჯამში 4 448 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს, კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები, მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობის სამუშაოები, გაიწმინდება ხევები და მოწესრიგდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები.
შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ უკვე დამტკიცებულია. ამ ეტაპზე, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდში და წინამძღვრიანთკარში მიმდინარეობს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ ყველა სოფელში დაიწყება.