ადგილობრივი ბიუჯეტების სიმწირის გამო მუნიციპალიტეტებში 60 ახალ საბავშვო ბაღს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი საბავშვო ბაღები, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები აქვს. ამიტომ საჭიროა, განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი საბავშვო ბაღები აშენდეს.
პრემიერი აღიარებს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები იმდენად მწირია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი თანხებით მშენებლობებს ვერ მოახერხებენ, ამიტომაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 60 ახალ საბავშვო ბაღს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცენტრალიზებულად ააშენებს. ბახტაძის თქმით, ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი გამოიყოფა.
როგორც ცნობილია, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების ახალი წესი 2019 წლიდან შემოიღო, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გათანაბრებითი ტრანსფერი, მუნიციპალიტეტებს კი ფინანსთა სამინისტრო დღგ-ის 19%-ს გარკვეული ფორმულით უნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს მუნიციპალური ბიუჯეტები ჯამურად 46 მილიონი ლარით გაიზარდა, ისინი მაინც იმდენად მწირია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელება ძალიან უჭირთ.
სწორედ ამიტომ დღის წესრიგში ფისკალური დეცენტრალიზაციის აუცილებლობა განსაკუთრებით მწვავედ დგას. როგორც ცნობილია, მთავრობამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და ერთ-ერთ მთავარ საკითხად მუნიციპალიტეტების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას განიხილავს. მიუხედავად რვათვიანი მუშაობისა, სტრატეგია მზად ამ დრომდე არ არის, შესაბამისად, არც ისაა ცნობილი, ფისკალური დეცენტრალიზაციის რა მოდელს შეიმუშავებს ცენტრალური ხელისუფლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები საშემოსავლო გადასახადის ნაწილის გადამხდელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალურ ბიუჯეტებში დატოვებას, აგრეთვე, გათანაბრებითი ფონდის შექმნას და ეფექტური ფორმულის საშუალებით ტრანსფერის სუსტ მუნიციპალიტეტებზე განაწილებას ითხოვენ. ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის, გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ექსპერტთა შეთავაზებას. არც ისაა ცნობილი, როდის დამტკიცდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მით უფრო, ის, თუ როდის დაიწყება რეალურად ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი.
ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ, სანამ მუნიციპალური ბიუჯეტები ასე მწირია, ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად მოუწევს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში ჩარევა და ცენტრალიზებულად იმ საქმეების კეთება, რაც, კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა.