ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 912 000 ლარის ღირებულების 32 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 456 000 ლარი გამოიყო, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს ღირებულების 100% დაამატა.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის 32 სოფელში, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ადგილობრივებმა საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
სკვერების მოწყობა, სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, გარეგანათების ლამპიონების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2019 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელდება.
აღნიშნული პროექტების ნუსხა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შესათანხმებლად წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა, საკრებულოს წევრებმა 22 მარტს სხდომაზე მოიწონეს.