საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
როგორც ცნობილია, ახალი “ტყის კოდექსით”, საერთოდ უქმდება მუნიციპალური ტყის ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყის მართვასთან დაკავშირებული საკითხები სრულად ცენტრალიზებული ხდება. “ტყის კოდექსთან” ერთად, ცვლილებები ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც”, რომლიდანაც ტერმინი – “მუნიციპალური ტყე” – უნდა ამოიღონ.
კანონპროექტით, ასევე, ცნობილი ხდება, რომ თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ტყის მართვის ნაწილში უფლებამოსილებები უნარჩუნდებათ. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, ეს ჩანაწერი თვითმმართველობებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რაც არასწორია.
„მე ავიღე ერთი კვირა იმისათვის, რომ გვქონოდა კონსულტაციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი – ის, რომ, პრაქტიკულად, ქრება “თვითმმართველობის კოდექსიდან” ტყე და ტყის რესურსი და მეორე ის, რომ პროექტში ჩანაწერის მიხედვით, არათანაბარ პირობებში დგება მუნიციპალიტეტები. თბილსს, ისევე, როგორც აჭრის ავტონომიურ რესპუბლიკას, ეს ფუნქცია შენარჩუნებული აქვს, თუმცა, სხვა მუნიციპალიტეტებს ეს ფუნქცია ერთმევა. მინისტრს სრულად ესმის ჩვენი კომიტეტის მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რომ ჩვენ, უწინარესად, კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ მუნიციპალიტეტების განვითარების პრიზმაში უნდა დავინახოთ ნებისმიერი საკითხი. ვფიქრობ, ამ თემას ჩვენ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, კონსულტაციების რეჟიმში კვლავ მივუბრუნდებით“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტის განხილვის შემდეგ საკითხზე კენჭისყრა არ გამართულა.