სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 254 მილიონი იხარჯება

1063

მონაკვეთზე არსებული პრობლემები, რომელიც ჯდენებს უკავშირდებოდა, უმეტესწილად აღმოფხვრილია და უკვე დაგებულია 8.1 კმ. გზა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.

სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. საავტომობილო გზა გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

“პროექტის მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფაა”, – განმარტავენ გზების დეპარტამენტში.