მე მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გუნდთან ერთად გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რაც მუნიციპალიტეტშია დაგროვილი, – ამის შესახებ ზატაფონში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ განაცხადა. გოგლიჩიძის თქმით, მისი და “ქართული ოცნების” ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.
“მინდა მადლობა გადავუხადო “ქართულ ოცნებას” ამ უდიდესი ნდობისათვის. ეს ჩემთვის არის გამოწვევა. მე მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გუნდთან ერთად გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რაც მუნიციპალიტეტშია დაგროვილი. ჩემი და “ქართული ოცნების” ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. რომ არა 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, მე უბრალოდ დღეს გარდაცვლილი ვიქნებოდი. მე ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და ფაქტობრივად, მიცვალებული გამოვედი 2012 წლის 20 ნოემბერს. ამიტომ მე 2016-სა და 2018 წლებში მორალურად მხარდაჭერა გამოვუცხადე “ქართული ოცნების” კანდიდატს. ეს იყო ზღვარი იმ რეჟიმსა და “ქართულ ოცნებას” შორის. რომ არა 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რომ არა ის გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, მე უბრალოდ ცოცხალი არ ვიქნებოდი,”- განაცხადა გოგლიჩიძემ.
ზესტაფონის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან გადადგა.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.