საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საკრებულოებმა უკვე განიხილეს და დაამტკიცეს 1 985 სოფლის 25 601 300 ლარის ღირებულების 3 038 პროექტი. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს სოფლების მიერ არჩეულ პროექტებს. საკრებულოების მიერ დამტკიცებულ პროექტებზე კი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, თუ 1 აპრილამდე მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ვერ განაწილდება, დარჩენილი თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს დაუბრუნდება და ისევ რეგიონის საჭიროებებს მოხმარდება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი. შედეგად, სოფლის კრებებზე მიღებულია 2 300-ზე მეტი გადაწყვეტილება მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ.
მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.
დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობას 1 მარტამდე უნდა შეერჩია. თავდაპირველად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით)”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.