საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის დაუსაბუთებლად გადაყენების საკანონმდებლო ნორმის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.
უწყებას საკონსტიტუციო სარჩელით, თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის სახელით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა.
დავის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლითაც საკრებულოს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადააყენოს ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი. მოქმედი კანონმდებლობით, უნდობლობის გამოსაცხადებლად საკრებულოს არ სჭირდება იმის დასაბუთება, რომ მერი სათანადოდ არ ასრულებს თავის მოვალეობას.
საია მიიჩნევს, რომ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ამგვარი პროცედურა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის უფლება.
ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით საკრებულო არღვევს არა მარტო იმ პირის უფლებას, ვისაც მერის თანამდებობა უკავია, არამედ იმ ამომრჩეველთა უფლებებსაც, რომლებმაც ეს პირი თანამდებობაზე აირჩიეს. არაკონსტიტუციურია, როდესაც საკრებულოს არ ევალება იმ მიზეზებზე მითითება, რის გამოც ხდება ხალხის მიერ არჩეული მერის თანამდებობიდან გათავისუფლება.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” განსაზღვრული ეს ჩანაწერი ჯერ კიდევ 2014 წლის მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის დროს კრიტიკის საგანი გახდა, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი იქნა მიღებული. ამის მიუხედავად, ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ამ დრომდე ვერ მოხერხდა ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, ვისაც შეიძლება კანონით დადგენილი შეზღუდვა შეეხოს. ეს შეზღუდვა ეხება ხალხის მიერ არჩეულ მერს.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არც ერთმა მერმა/გამგებელმა არ გამოთქვა სურვილი, გაესაჩივრებინა ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენაზე თანხმობა თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. ოფიციალურად, სწორედ თამაზ მეჭიაურია მოსარჩელე აღნიშნულ საქმეში, ხოლო საია მისი წარმომადგენელია საკონსტიტუციო სასამართლოში.