საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადებით, მერის თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელი.
კერძოდ, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” განსაზღვრულია, რომ საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეუძლია, უნდობლობის პროცედურა დაიწყოს მერის წინააღმდეგ და 10 დღის ვადაში საკრებულოს წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით უფლებამოსილება შეუწყვიტოს მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი განმარტა იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი იცავს საჯარო მოსამსახურეს თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით საკრებულო არღვევს არა მარტო იმ პირის უფლებას, ვისაც მერის თანამდებობა უკავია, არამედ იმ ამომრჩეველთა უფლებებსაც, რომლებმაც ეს პირი თანამდებობაზე აირჩიეს. არაკონსტიტუციურია, როდესაც საკრებულოს არ ევალება იმ მიზეზებზე მითითება, რის გამოც ხდება ხალხის მიერ არჩეული მერის თანამდებობიდან გათავისუფლება.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” განსაზღვრული ეს ჩანაწერი ჯერ კიდევ 2014 წლის მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის დროს გახდა კრიტიკის საგანი, როდესაც თვითმმართველობის კოდექსი იქნა მიღებული. ამის მიუხედავად, ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ამ დრომდე ვერ მოხერხდა ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, ვისაც შეიძლება კანონით დადგენილი შეზღუდვა შეეხოს. ეს შეზღუდვა ეხება ხალხის მიერ არჩეულ მერს.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არც ერთმა მერმა/გამგებელმა არ გამოთქვა სურვილი, გაესაჩივრებინა ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენის თანხმობა განაცხადა თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა. სწორედ თამაზ მეჭიაური იქნება მოსარჩელე აღნიშნულ საქმეში. მის ინტერესებს კი საკონსტიტუციო სასამართლოში საია დაიცავს. ამავე დროს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საია საკონსტიტუციო სასამართლოში იშუამდგომლებს ნორმის შეჩერებას იმისათვის, რომ 2018 წლის მაისის თვეში თიანეთის საკრებულოს არ ჰქონდეს თამაზ მეჭიაურისათვის უნდობლობის დაუსაბუთებელი გამოცხადების შესაძლებლობა.