ამ მომენტისთვის, საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია უკვე 8 ათასმა აღსაზრდელმა გაიარა. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტოს ვებ-გვერდზე საზაფხულო საბავშვო ბაღებში მოსახვედრად ბავშვების რეგისტრაციის პრობლემა აღმოფხვრილია.
„უკვე ყველაფერი წესრიგშია. ეს იყო ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა. პროგრამისტებმა და შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და პრობლემა მოგვარებულია. ამ წუთის მონაცემებით, უკვე 8 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული“, – განაცხადა თორდინავამ.
მისივე თქმით, ზოგიერთ ბაღბში ადგილები უკვე შევსებულია, თუმცა არის ბაღი, სადაც მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ. ამდენად, რეგისტრაციის პროცესი 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„იმ მშობლებმა, რომლებიც სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრაციას ვერ მოახერხებენ, კონკრეტულ საბავშვო ბაღებს უნდა მიმართონ. ამასთან, რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, სააგენტოსთან შეთანხმებით, ბაღების სათათბირო ორგანოები 3 ივლისს დაარეგისტრირებენ“, – განაცხადა თემურ თორდინავამ.
წყარო: ინტერპრენიუსი