ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე, „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიამ, დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გამართა.
დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს. მოქალაქეებს თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სრული ინფორმაციის მიღების, პირადი პოზიციის დაფიქსირებისა და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩართვის საშუალება ჰქონდათ.
,,თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს ახალ პროგრამას რომლის მიზანია მოქალაქეების მეტი ჩართულობა პარკების დაგეგმარებაში და მწვანე სივრცეების შექმნაში. დღეს შევიკრიბეთ, რომ ვისაუბროთ დენდროლოგიურო პარკის შესახებ, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. კომპანიამ უკვე შეიმუშავა ზოგადი, კონცეპტუალური დიზაინი, ეს არის დაახლოებით 150 ჰექტარზე განთავსებული მწვანე სივრცე, იქნება სხვადასხვა ზონირება, განსხვავებული ტიპის აქტივობები და საბოლოო პროექტი გვანახებს რა ფუნქციონალი ექნება პარკს”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილეები, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობაა.