სამგორის რაიონში თაყაიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

412

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, სამგორის რაიონში მოწყობილი ახალი სკვერის პრეზენტაცია გამართა.

კახა კალაძის თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში თაყაიშვილის ქუჩაზე 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. კალაძის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოწყო გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ასევე დაირგო 484 ძირი ხე და 62 ბუჩქი.

„მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი პროექტი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში თაყაიშვილის ქუჩაზე 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ძალიან მაგარი პროექტი განახორციელა, ეს არის დასასვენებელი სივრცე. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და იყო დიდი მოთხოვნა, რომ მისი რეაბილიტაცია განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდა, რაც სჭირდება ზოგადად თანამედროვე სკვერებს, პარკებს, გაკეთდა ველობილიკები, ასევე, არის ბავშვებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ატრაქციონები, სათამაშოები, ამ პროექტის ფარგლებში, ასევე, ახალი ხე-მცენარეები დაირგო, დაახლოებით, 484 ძირი ხე, 62 ძირი ბუჩქი, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების სისტემა, ყველანაირად არის მოწესრიგებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე განმარტებით, ზოგადად რეკრეაციული სივრცეების მოწყობას თბილისის მერიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ყველა სივრცე მწვანდება, მათ შორის, გზაგამყოფები, სადაც კი ეს შესაძლებელია.

„მე მგონი, ყველა ხედავს და თვალშისაცემია თუ რამდენი სკვერის პროექტი განხორციელდა, რამდენი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც კი შესაძლებლობა გვეძლევა ყველგან ვამწვანებთ ყველაფერს. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაზე მეტად დღეს რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, ეს არის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ყველაფერი რაც კი უკავშირდება ეკოლოგიას, ჰაერის დაბინძურებას ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე, ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე. ამიტომ არის, რომ ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეს არის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული სივრცეების არსებობა, მათი მოწესრიგება, განახლება, ახალი პარკების მშენებლობა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას თანმიმდევრულად მივყვებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.