ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კერძოდ, განახლდება კიბეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, განთავსდება სკამები და ურნები. გარდა ამისა, სკვერი განათდება და გამწვანდება – დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება დეკორატიული ხეები და ბუჩქები.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს “ინტერტექნოლოგი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 250 000 ლარზე მეტს შეადგენს.
პროექტის დეტალები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად განიხილა.
“ვაკის რაიონში არსებული სკვერების მოწესრიგებას განვაგრძობთ. ვაჟა-ფშაველას I კვარტალში დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ეს ტერიტორია იმ დიდი სკვერის გაგრძელებაა, რომლის ნაწილი გასულ წელს მოვაწესრიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული და მათ რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებთ“, – განაცხადა ტურძელაძემ.