განმუხურში ფიჭვის ხეები მოჭრეს

966

განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში აკვაპარკის ტერიტორიაზე “კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომლებმა ფიჭვის ხეები მოჭრეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, მოჭრილია დაზიანებული ფიჭვის რვა ხე. მათივე განმარტებით, მცენარეები საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ხეების მოჭრის გადაწყვეტილება კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღეს.

მერიაში ამბობენ, რომ მოჭრილი მცენარეების ნაცვლად ახალს დარგავენ. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე დასარგავი სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარის შესყიდვაზე ტენდერი უკვე დასრულდა. აღნიშნული მომსახურების სავარაუდო ღირებულებად 90 175 ლარი განისაზღვრა. თუმცა ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ – შპს “გრინ გეორგიამ“ მომსახურებისთვის უფრო ნაკლები თანხა – 72 141 ლარი დაასახელა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულყოფილად არ შეესაბამება მოთხოვნებს, ამიტომ დასაზუსტებლად კომპანიას სამდღიანი ვადა განესაზღვრა.

გამარჯვებულმა კომპნიამ მერიას 50 ძირი ვერცხლისფერი კვიპაროსი, 15-15 ძირი ალბიცია და ნეკერჩხალი, 30 ძირი კატალპის ხე, 5 ძირი ტირიფი, 10 ძირი ცხენისწაბლა, 50 ზღვისპირა ფიჭვი, 10 ტუია სმარაგდი, 40 ძირი ირმის რქა, 20 ძირი მაგნოლია, 10 ევკალიპტი, 30 ოლეანდრი, 20-20 ძირი მიმოზა და გარდენია, 50 ღვია, 40 ნანდინა, 20-20 ძირი სტრელიზია, ფიტოსპორუმი ნანა, წყავი და აბელია უნდა გადასცეს.