კასპის სოფელ ახალქალაქსა და ნოსტეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

1810

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილები და ობიექტები მოინახულა, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულია.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი თვითმართველობისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით, სოფელ ახალქალაქსა და ნოსტეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

ამასთან, გიორგი ხოჯევანიშვილმა არტ ვილა გარიყულა დაათვალიერა, სადაც ყარამან ქუთათელაძესთან ერთად მიმდინარე წელს დაგეგმილ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

“იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა ჩვენი რეგიონი, რომ ამ ყველაფრის აუთვისებლობა არ შეიძლება. დღეს რაც მოვინახულეთ, ერთ მთლიან ტურისტულ წრეს ქმნის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყევტილება, რომ დრო არ დავკარგოთ და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, დროულად დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. არტ-ვილა “გარიყულა“ პედაგოგისა და მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა. მასთან საუბრისას კი შევთანხმდით, რომ სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იქნება მასთან და არტ ვილას განვითარების საქმეშიც კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ჩაერთვება ” – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.